ევროპარლამენტი თანახმაა, უკრაინაში ვითარების გაუარესების შემთხვევაში, რუსეთი SWIFT-დან გათიშონ

ევროპარლამენტი თანახმაა, უკრაინაში ვითარების გაუარესების შემთხვევაში, რუსეთი საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-დან გათიშონ.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

gazeta.ru-ს ინფორმაციით, ევროპარლამენტმა ევროკავშირის ქვეყნებს პოზიციების განმტკიცებისკენ და რუსეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ, ასევე სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარებმა ევროკავშირს მოუწოდეს, თუ რუსეთი არ შეასრულებს უკრაინაში ვითარების დეესკალაციის მიზნით წაყენებულ პირობებს, კვლავაც ძალაში დატოვონ ანტირუსული სანქციები. ასევე მოუწოდებენ ახალი სანქციების შემოღებისკენ, მათ შორის რუსეთის საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-დან გარიცხვისკენ.

"გაზეტა.რუს" ინფორმაციით, ეს თეზისები ასახულია რეზოლუციაში "ვითარება უკრაინაში, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მდგომარეობა", რომელიც სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მიიღეს. რეზოლუციაში ევროკავშირის ქვეყნებისადმი ასევე ხაზგასმულია მოწოდება, გაუქმდეს რუსეთთან დაგეგმილი შეთანხმებები ენერგეტიკულ სფეროში, მათ შორის გაზსადენ "სამხრეთ ნაკადის" თაობაზე.