„გაზპრომმა“ უკრაინას 2,9 მილიარდის ჯარიმა გადაუხადა

სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ უკრაინულ კომპანია „ნაფთოგაზს“ 2,9 მილიარდი დოლარი გადაუხადა.

ამის შესახებ თავად რუსული კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს. მისი თქმით, გადახდა მოხდა დათქმულ ვადებში, რომელიც გაიწერა ორ კომპანიას შორის 20 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაში.

2,918 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხის გადახდას ადასტურებს უკრაინული მხარეც და დასძენს, რომ ჯამში კომპანიამ სატრანზიტო არბიტრაჟის გზით „გაზპრომისგან“ მიიღო 5 მილიარდი დოლარი. „ნაფთოგაზი“ აზუსტებს, რომ კომპენსაციის პირველი ნაწილი 2,1 მილიარდი დოლარის ოდენობით მათ ბუნებრივი აირის სახით 2014 წელს მიიღეს, ხოლო დანარჩენი ახლა ფულადი სახით.

„ნაფთოგაზი“ მიესალმება სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილების რუსული მხრიდან აღიარებას და მის შესრულებას. ასევე გაზის ტრანზიტის გაგრძელებას ევროპაში უკრაინის გავლით.

კოკა კვირკველია