"რაკია ჯგუფი": საინვესტიციო პორტფელი იზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, 16-17 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რასალ ხაიმას საემიროს ესტუმრა.

როგორც "რაკია ჯგუფში” აცხადებენ, საქართველოს დელეგაციას რასალ ხაიმას მმართველმა, შეიხმა საუდ ბინ საქრალ ქასიმმა უმასპინძლა. შეიხმა იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

"რაკია ჯგუფის" ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ რას ალ ხაიმას საემიროს განსაკუთრებული დამოკიდებულება და ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ.

"ამის დასტურად შეიხმა ის საინვესტიციო პროექტები მოიყვანა, რომელსაც "რაკია ჯგუფი" ახორციელებს. ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილია, რომ "შერატონ მეტეხი პალასის" სრულმასშტაბიან რენოვაციაში, 25-30 მილიონი დოლარი, "თბილისი მოლის" პირველი ეტაპის დასასრულებლად კი წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 8 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა "ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე" და მის პერსპექტივებზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და DCFTA-ის კონტექსტში. ახლა ზუსტდება საინვესტიციო პორტფელის მოცულობა, რომელიც ფოთის ინდუსტრიული ზონის განვითარებაში ჩაიდება. ჩვენი ჯგუფი თანამშრომლობის აქტიურ ფაზაში გადადის თანაინვესტირების ფონდთან. უკვე გვაქვს იმის მონახაზიც, სხვა რა ახალ პროექტებს განვახორციელებთ 2015 წელს", - განაცხადა "რაკია ჯგუფის" ხელმძღვანელმა გუგა ცანავამ საქართველოს პრემიერის და შეიხის შეხვედრის შემდეგ.

რას ალ ხაიმას საემირო საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. ის საქართველოში ორ უმსხვილეს ჰოლდინგურ კომპნიას, "რაკია ჯორჯია" და "რაკიინ დეველოპმენტს" ფლობს, რომელსაც საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს მრავალმილიონიანი ინვესტიცია.