ვიდრე ჩვენი ეკონომიკური განვითარება არ მიაღწევს აუცილებელ დონეს, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს საზოგადოების განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტი ერთმნიშვნელოვნად მორგებულია მოქალაქეებზე.
“სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ვიდრე ჩვენი ეკონომიკური განვითარება არ მიაღწევს აუცილებელ დონეს, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს საზოგდოების განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე. სწორედ ამიტომ 2020 წლის ბიუჯეტი ერთმნიშვნელოვნად არის მორგებული ჩვენს მოქალაქეზე და მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტია. ამ ბიუჯეტის თანახმად, ყველა პენსიონერს, ასევე პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პენსია გაეზრდებათ 20 ლარით. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ დამატებით 30 ლარით, მთაში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებმაც მიაღწიეს 70 წელს, თვიური პენსია დაახლოებით 300 ლარი ექნებათ, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი გაიზრდება წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ლარით. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და ასევე მინდა ხაზგასმით ვთქვა, 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული დახმარება. ესენი არიან ბავშვები, ღვაწლმოსილი პენსიონერები, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტის თანახმად, შესაბამისი სახელფასო ზრდა ექნებათ როგორც ბაღის, ასევე სკოლის მასწავლებლებს, სასწრაფო და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და ასევე კულტურის მუშაკებს“, - განაცხადა გახარიამ.