მაგისტრალური გაზსადენის "ზესტაფონი-ქუთაისის" მონაკვეთის მშენებლობის 91% შესრულებულია

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის "ზესტაფონი-ქუთაისის" 700 მმ დიამეტრის 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება.

კორპორაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების 91% უკვე შესრულებულია. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია არსებული 500 მმ დიამეტრის დაზიანებული მილების, ასევე მდინარეებისა და ხევების პრობლემური გადაკვეთების გამოცვლის აუცილებლობამ განაპირობა.

"ზესტაფონი-ქუთაისის" მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება და მას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

"ზესტაფონი-ქუთაისის" 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 4 496 710.27აშშ დოლარია. მშენებლობისთვის საჭირო მილებისა და სხვა მასალების შესყიდვა ცალკე კონტრაქტის ფარგლებში 2014 წლის დასაწყისში მოხდა.

მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის "ზესტაფონი-ქუთაისის" 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს "საქმილსადენმშენი" ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.