რამდენიმე მოქალაქეს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

,,კირნათი“ ჰესის მშენებლობის გამო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

„პროექტი, მისი მასშტაბი და ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვანია რეგიონისა და ქვეყნისთვის. იგი პოზიტიურ სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას იქონიებს რეგიონზე და წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს შემდეგი გარემოებების გამო: ,,ჰესების“ საერთო სიმძლავრე მიაღწევს - 98.731 მეგავატს. მთავრობასთან დადებული მემორანდუმის შესაბამისად, კომერციული ოპერირების თარიღიდან ათწლიან პერიოდში და წლიურად 8 თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) გამომუშავებული ელექტროენერგია განკუთვნილი იქნება საქართველოს შიდა მოხმარებისათვის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას და გააუმჯობესებს საქართველოს ენერგობალანსს.

დღეის მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოსაგან ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი და ,,კირნათი“ ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად აუცილებელია პროექტის არეალში მოქცეული, დარჩენილი მიწის ნაკვეთების (ზედ არსებული შენობა – ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავების) გამოსყიდვა,“-აღნიშნულია ბრძანებაში.

მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება უძრავი ქონების (მიწა, მრავალწლიანი ნარგავები) ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდში მცხოვრებ შემდეგ ფიზიკურ პირებთან: გიორგი დიდმანიძესთან; ეზიზე დიდმანიძესთან; ლეილა დიდმანიძესთან; მაგული დიდმანიძესთან; მარიკა დიდმანიძესთან; მევლუდ დიდმანიძესთან და ნათელა დიდმანიძესთან. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.

თაია არდოტელი