ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას საზოგადოებას ახალი პროექტები, მარკეტინგული კამპანიები, პრეს და გაცნობითი ტურები და მსოფლიოს გავლენიან საერთაშორისო პლათფორმებზე განხორციელებული ახალი კამპანიის შედეგები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედიის ასობით წარმომადგენელს უმასპინძლა, რის შედეგადაც 1500-მდე სტატია, სიუჟეტი და გადაცემა მომზადდა.
„ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2019 წელს 300-მდე მოწინავე უცხოელი ტურ-ოპერატორისთვის მოეწყო 22 გაცნობითი ტური.
Wizz Air-ის, Qatar airways-ის, Emirates-ის საბორტე ჟურნალებში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებზე წვდომა 15 მილიონ მგზავრს ჰქონდა.
საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია ჩატარდა National Geographic-ზე, Google-ზე, Expedia-სა და Conde Nast Traveler-ზე.
მასშტაბური კამპანია ჩატარდა CNN-ზე, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia” დამზადდა.
ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიები ჩატარდა 8 მიზნობრივ ქვეყანაში: გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი.
ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობაზე მეტყველებს დათვლილი (ROI) უკუგება ერთ ინვესტირებულ ლარზე, რაც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 61 ლარიდან 579 ლარამდე“, - ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.