რეაბილიტაციის პროცესის შეფერხების გამო, სემეკმა ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურების ტარიფი შეამცირა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ენგურჰესის" დირექტორმა, ლევან მებონიამ სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
დღევანდელ საჯარო სხდომაზე სემეკმა "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესების კასკადისთვის" ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა. სემეკის გადაწყვეტილებით, 2020 წლისთვის "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული 1 კილოვატ საათი ელექტროენერგიის ღირებულება 0.46 თეთრით, ხოლო "ვარდნილჰესების კასკადის" შემთხვევაში 1.796 თეთრით შემცირდა.
როგორც "ენგურჰესის" დირექტორი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, ტარიფის კორექტირება ჰესების რეაბილიტაციის შეფერხებას უკავშირდება. ამასთან, ლევან მებონიას თქმით, რადგან ენგურჰესი არასტანდარტულ პირობებში მუშაობს, სასურველია რომ ტარიფის დადგენა ზოგად წესს არ ემორჩილებოდეს.
"ძირითადად ეს შემცირება გამოიწვია საინვესტიციო პროგრამის შეფერხებამ, რომელიც უკავშირებოდა დონორი ინსტიტუტებიდან თანხის დაგვიანებით გამოყოფას. რეაბილიტაციის 2017-2019 წლის პროგრამამ გადაიწია 2020-2021 წლებში ანუ ობიექტური მიზეზი იყო, როდესაც ამ პროგრამას დავამთავრებთ, შეიცვლება ტარიფიც.
ენგურჰესი აფხაზეთის მომარაგებიდან გამომდინარე არასტანდარტულ პირობებში მუშაობს, ამიტომაც გამოვთქვი სურვილი, რომ ამაზე იყოს სამომავლოდ მსჯელობა და საერთო წესს არ ემორჩილებოდეს ენგურჰესის და ვარდნილის ტარიფების დადგენა,“ - აღნიშნა მებონიამ.