დასეტყვილი ყურძნის "შავი” ფასი

”ორჯერ უფრო ნაკლები მოსავალი მივიღეთ, ვიდრე ველოდით და სრულყოფილი მოსავალი რომ მიგვეღო, მაშინ რას გვიპირებდნენ?”

წელს კახეთში რთველი უჩვეულოდ ადრე დაიწყო: კახელები წინა წლებში ყურძნის კრეფას სექტემბრის შუა რიცხვებიდან იწყებდნენ, წელს 20 აგვისტოდან დაიწყეს. გლეხები ამბობენ, რომ წითელი ყურძნის ჩაბარებაზე იმდენი პრობლემა არ შეხვედრიათ, მაგრამ როგორც კი თეთრი ყურძნის ჩაბარება დაიწყო, ყველა დაბრკოლებამ თითქოსდა ერთად მოიყარა თავი. ჯემალ ხატიაშვილი ფერმერია და დიდი მეურნეობა აქვს სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯში. ამბობს, რომ სატკივარი, რომელიც დაუფარავად გაგვიზიარა, კახეთში არაერთ გლეხს აწუხებს.

ჯემალ ხატიაშვილი:

წელს მოსავალი ძალიან დაგვიზიანდა: ჯერ ისეთი გვალვა იყო, რომ ვენახები საერთოდ გადაიწვა, რასაც სეტყვა დაერთო და ყურძნის ჩაბარებაზეც პრობლემები გვექმნება. ვფიქრობ, რომ ქარხნები სწორედ ამ დასეტყვილი ყურძნის მიღებისაგან იკავებენ თავს. ხშირად ვფიქრობ: ორჯერ უფრო ნაკლები მოსავალი მივიღეთ, ვიდრე ველოდით და სრულყოფილი მოსავალი რომ მიგვეღო, მაშინ რას გვიპირებდნენ? ძალიან დიდი გაურკვევლობაა, რადგან ყურძნის მიღების პროცესი ორგანიზებული არ არის. ამის დასტურად ერთ მაგალითს მოვიყვან: იყო შემთხვევა, როდესაც ფერმერმა თელავში წაიღო ყურძენი, თითო მანქანაში 300-350 ლარი გადაიხადა და ვერ ჩააბარა, უთხრეს - დედოფლისწყაროში უნდა წაიღოო და მარტო ტრანსპორტირებაში ორჯერ მეტი თანხა დაეხარჯა. შავი ყურძნის მიღებაზე პრობლემები არ გვქონია, ახლა კი გვეუბნებიან - ორი დღე მოიცადეთ, სამი დღე მოიცადეთო, ამასობაში კი - ყურძენი ფუჭდება. ქარხნებთან ხელშეკრულებები რომ გვქონდეს გაფორმებული, მაშინ ყველაფერი მოწესრიგებული იქნებოდა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ არის. უნდათ მიიღებენ ამ ჩვენს ნაშრომს, უნდათ - არ მიიღებენ. ერთ დღეს რომ ორი ლარი ღირს, მეორე დღეს გვეუბნებიან - 1,50-ზე მეტს ვერ გადაგიხდითო - ასეთი მოუწესრიგებელი და გაურკვეველი სიტუაციაა. იტალიაში, ან საბერძნეთში ხომ არ ვცხოვრობთ, სადაც ყველას კერძო ქარხანა აქვს ოჯახში და თავის მოსავალს თვითონვე ამუშავებს? ოფიციალური პირები აცხადებენ, ყველაფერი კარგადააო, მაგრამ საიდან ასკვნიან, არ ვიცით.

გიორგი მოსიაშვილი, თელავის მკვიდრი, ძველი თელავის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი გამგებელი: უნდა ვაღიაროთ, რომ გასულ წლებში გაცილებით რთული მდგომარეობა იყო: საფერავი 60 თეთრი ღირდა, წელს კი, საფერავის ფასი რომ დაიწყო 1,50 ლარით, ერთხანს 3 ლარსაც კი ასცდა. შეიძლება ითქვას, რომ წელს საფერავზე ისტორიული ფასი დაფიქსირდა. თუმცა, საფერავის ჩაბარების დროსაც იყო რაღაც პრობლემები, რის გამოც ხალხში სერიოზული უკმაყოფილება გაჩნდა. მაგალითად: ერთ დღეს საფერავის ფასი 2 ლარი რომ ღირდა, მეორე დღეს, მოულოდნელად, ყველა ქარხანამ ერთდროულად დაწია ფასი 1,50 ლარამდე. ამის შემდეგ კი, საფერავის ფასი ერთბაშად 3,50 ლარამდე ავარდა - რა თქმა უნდა, ასეთი მოულოდნელი ცვლილებები ნებისმიერ ადამიანს დააბნევდა და შეაწუხებდა. დღეს კახეთში ძალიან რთული სიტუაციაა: რამდენიმე დღის წინ თითქმის ყველგან იყო სეტყვა. დასეტყვილი ყურძენი დროულად თუ არ ჩააბარე, სწრაფად ფუჭდება და მართლაც ასე ხდება. რა თქმა უნდა, ყველა ქარხანა ერიდება დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებას, მაგრამ გლეხობამ რა ქნას? ასეთ ყურძენს მეორე-მესამე დღეს ისედაც წონა არა აქვს, ამას ისიც ემატება, რომ სახელმწიფო მესამედ ფასად იბარებს, გლეხებს კი ბანკებიდან კრედიტები აქვთ გამოტანილი. გამოდის, რომ გლეხები იმ დანახარჯსაც ვერ ინაზღაურებენ, რაც მოსავლის მოსაყვანად დასჭირდათ. კახეთში ყოველ წელიწადს მოდის სეტყვა, ჯერ მე არ მახსოვს წელიწადი, რომ სეტყვა არ იყოს. მართალია, სეტყვის საწინააღდმეგო პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ამასთან ერთად, აუცილებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნას სადაზღვევო სისტემა იმიტომ, რომ ყოველთვის გლეხი არ დაზარალდეს.

bpn.ge ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს - ლევან დავითაშვილსაც დაუკავშირდა, რომელიც ამ ტიპის ბრალდებებს უარყოფს.

ლევან დავითაშვილი:

მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები აზრს, რომ კახეთში ყურძნის ჩაბარება ჭირს. რთველს თავისი მიმდინარეობა აქვს: რქაწითელი საფერავის დასრულების შემდეგ იკრიფება. დღეს ბევრი კომპანია ჯერ კიდევ საფერავს იბარებს, ამიტომ ისინი ტექნოლოგიურად უნდა გადაერთონ თეთრი ყურძნის მიღებაზე. ჯერ სექტემბრის შუა რიცხვებია. წინა წლებში ამ დროს ყოველთვის საფერავის რთველი მიმდინარეობდა, წელს კი ნაადრევი მოსავალი გვაქვს და მიუხედავად ამისა, უკვე 30 ათას ტონამდე რქაწითელია გადამუშავებული. გული გვწყდება, რომ წლევანდელ რთველზე უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება. ჩვენ შეპირებულნი ვართ, რომ მოსავალი 100 პროცენტით დაბინავდება, მოსახლეობა საკმაოდ მაღალ ფასს იღებს თეთრ ყურძენში. ყველა გამგეობას აქვს თავისი, ინდივიდუალური გრაფიკი და ამ ფონზე იმის მტკიცება, რომ წლევანდელი რთველი ხარვეზებით მიმდინარეობს, უფრო საბოტაჟს ჰგავს.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ შარშანდელი წელი რეკორდული იყო: სულ 92 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ეს იყო პიკი, მაგრამ წელს ამაზე ნაკლები არ გადამუშავდება:

”საფერავის მოსავალს უკვე 20 პროცენტით გადავაჭარბეთ. მე ყველა გლეხის პრობლემები გულთან მიმაქვს, მაგრამ სრული სურათი საკმაოდ დამაიმედებელია: წელს რთველი ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, მოსავალიც მეტია და ფასებიც. შარშან კახეთში 25 ათასი ტონა საფერავი მოიწიეს, წელს კი უკვე 30 ათას ტონაზე მეტია გადამუშავებული, რამდენიმე ათასი ტონა ალბათ კიდევ გადამუშავდება. რაც შეეხება თეთრ ყურძენს, შარშან 62 ათასი ტონა რქაწითელი გადამუშავდა, წელსაც ამაზე ნაკლები მოსავალი არ გვექნება, თუ არა მეტი, ანუ ჯამური მოსავალი წელს უფრო მეტია. ქარხნები ყურძენს იბარებენ საკმაოდ მაღალ ფასად და კახეთში სერიოზული თანხა შედის.

დასეტყვილი ყურძენი შარშანაც გვქონდა და დაბინავდა, რადგან მას საბრენდე სპირტებისათვის იყენებენ. გარწმუნებთ, რომ წელსაც დაბინავდება, თანაც შარშან ასეთი ყურძენი 40 თეთრი ღირდა, წელს უკვე 50 თეთრი ღირს. საკმაოდ მაღალი ფასი აქვს რქაწითელსაც -1 ლარი, ხოლო საფერავი 3-3,50 ლარი ღირდა ზოგიერთ მიკროზონაში. საერთოდ, წითელ ყურძენზე მოთხოვნილება ყოველ წელიწადს მაღალია, თანაც, ის მცირე რაოდენობით მოდის, ამით უნდა აიხსნას საფერავის უჩვეულოდ მაღალი ფასიც. ჯერ რთველის შუა ფაზაში ვართ. დასრულდება ყველაფერი და საბოლოო მონაცემებზე მერე ვილაპარაკოთ: თუ რომელიმე გლეხს, ან ფერმერს ჩაუბარებელი ყურძენი დარჩება, საკუთარი თვალით ნახავთ. 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ იმისათვის, რომ წლევანდელი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს, ამიტომ, დაუმსახურებელ კრიტიკას ნამდვილად ვერ მივიღებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე