„თიბისი“ ლიზინგის მხარდაჭერით, „პროლესკი საქართველომ“ თბილისში სამთო-სათხილამურო კლუბი გაიხსნა. ამიერკავკასიაში პირველად თბილისში თხილამურებზე სრიალის შესწავლის მსურველებისთვის ტრენაჟორი ამუშავდა.
„თიბისის" ცნობით, 2019 წლის ზაფხულში „პროლესკი საქართველომ“ გადაწყვიტა საქართველოში სამთო-სათხილამურო კლუბი შეექმნა, რომელიც მსურველებს შესაძლებლობას მისცემდა თხილამურსა და სნოუბორდზე დგომა სათხილამურო ტრენაჟორის საშუალებით შეესწავლათ.
მათივე ინფორმაციით, ეს არის სტარტაპ-პროექტი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არა აქვს. სიმულატორის საშუალებით დამწყებ მოთხილამურეებს შეეძლებათ ისწავლონ სრიალი თბილისიდან გაუსვლელად, თანაც წლის ნებისმიერ დროს. სასწავლო კურსი შედგება 8 სეანსისაგან, რომლის დასრულების შემდეგაც მსურველს შეეძლება თავისუფლად სრიალი. სწავლებას ხელმძღვანელობენ პროფესიონალი მწვრთნელები. ტრენაჟორის საშუალებით შესაძლებელია, როგორც დამწყებთათვის სრიალის შესწავლა, ასევე, გამოცდილ მოთხილამურეთათვის ტექნიკის დახვეწა. სათხილამურო სიმულატორის საშუალებით სრიალის მოყვარულებს ზაფხულის განმავლობაშიც შეეძლებათ საყვარელი აქტივობით დაკავდნენ. სავარჯიშო დარბაზი იმუშავებს კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში.
„პროექტის სპეციფიკიდან და უნიკალურობიდან გამომდინარე დაფინანსებაში თიბისი ლიზინგის ჩართვა მოხდა. დაფინანსებიდან მეოთხე თვეს დანადგარი უკვე საქართველოში იყო და ტრენაჟორი იანვრიდან პირველ მოსრიალეებს მიიღებს. „პროლესკის“ სათხილამურო სიმულატორი ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლებისთვის ისწავლონ სრიალი და ხშირად ესტუმრონ ქართულ სამთო-სათხილამურო კურორტებს. საქართველო მთის კურორტების ქვეყანაა და შესაბამისად, სპორტის ამ მიმართულებების შესწავლაზე მოთხოვნა დიდია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „პროლესკი საქართველოსთვის“ ეს წარმატებული დასაწყისი იქნება,“ - განაცხადა „თიბისი“ ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ.
„თიბისის“ ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო სპორტის შესწავლით ამ ეტაპზე უკვე დაინტერესებულები არიან კერძო საბავშვო ბაღები, სკოლები და სპორტსკოლები.