2020 წლიდან საფინანსო სექტორისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული. საუბარია, სესხის გამცემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა.

აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაცია ორგანიზაციებისთვის 2019 წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სებ-ის გადაწყვეტილებით რამდენიმე თვით მისი გადავადება მოხდა.

კერძოდ, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მისო-ს და სესხის გამცემ სუბიექტს 1-ლი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც.

კომერციულ ბანკს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც,“-აღნიშნულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 30 მაისის ბრძანებაში, რომლის ამოქმედებაც 1-ლი ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა, სებ-ის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებით 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა სებ-მა აქამდე, 2019 წლის ზაფხულშიც გადაავადა. კერძოდ, მაშინ გადავადება 2019 წლის 1-ელ ნოემბრამდე მოხდა.