1-ლი აპრილიდან ავტომობილისთვის კატალიზატორზე პარამეტრები მკაცრდება

ავტომობილებში კატალიზატორის ქონის ვალდებულება გადავადდა. ეს ვალდებულება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება ყველა ავტომობილისთვის.

თუმცა მანამდე - 2020 წლის 1-ლი აპრილიდან, პარამეტრები გამკაცრდება. კერძოდ, თუ დღემდე CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში არ უნდა ყოფილიყო 0,8%-ზე მეტი, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ეს ზღვარი 0,7%-მდე ჩამოდის (ძრავის როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე), ხოლო 2021 წლიდან - 0,6%-მდე. 2022 წლის 1-ლი იანვრიდან კი ევროპულ სტანდარტზე გადავდივართ, რაც ნიშნავს, რომ კატალიზური კონვერტორი უნდა ჰქონდეს ყველა ქარხნულად დამზადებულ ავტომობილს, რომელსაც კატალიზატორი კონსტრუქციულად აქვს და CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე 0,3%-დან 0,5-მდე დიაპაზონში უნდა მერყეობდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - 2020 წლიდან ევროსტანდარტების დაკმაყოფილება იმ იმპორტირებულ ავტომობილებს მოუწევს, რომლებიც 2020 წლის 1-ლი აპრილიდან პირველად რეგისტრაციას გაივლიან საქართველოში და ისინი კატალიზური კონვერტორით უნდა იყვნენ აღჭურვილი. ასევე 2022 წლამდე გადავადდა ავტომობილში ცეცხლმაქრის, პირველადი სამედიცინო ყუთისა და უსაფრთხოების სამკუთხედის ქონის ვალდებულება.