2019 წელს პირდაპირი ფრენების გეოგრაფიის მართლაც უპრეცედენტო ზრდას შევუწყეთ ხელი. 25%-ით არის გაზრდილი ევროპული მიმართულებების ტურისტული ნაკადები. განსაკუთრებით იმით ვამაყობთ, რომ დაბალბიუჯეტიანი, ცნობილი დიდი კომპანიები ზრდიან საქართველოში პირდაპირ ფრენებს, ან შემოდიან საქართველოს ბაზარზე და ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რომ რეკორდულად მაღალი ზრდა გვაქვს იგივე გერმანიიდან, პოლონეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ტურისტების. ასევე გაიზარდა შიდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყოველივე ამის შედეგად ბევრ უცხოელ სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, იმოგზაუროს საქართველოში მთელი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, კომფორტულად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მეშვეობით.
„ასევე ჩვენს მოქალაქეებსაც აქვთ საშუალება, შეღავათიანად იმოგზაურონ, მათ შორის, საშობაო არდადეგები უცხო ქვეყნებში გაატარონ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
პრეზენტაციას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ასევე მთავრობის სხვა წევრები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.