„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში ეკონომიკა 6,4%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში ეკონომიკა 6,4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ „საქსტატში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნოემბერში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია და 6.4% შეადგინა. მიმდინარე წლის 11 თვის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი 5.3%-ია“, -აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი. კლება დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგებში.