2019 წელს საქართველოში სხვადასხვა ბიზნეს გარიგებები შედგა.
„ბიზნესპრესნიუსი“ წლის რამდენიმე ბიზნეს გარიგება-შეთანხმებას გთავაზობთ:
„თიბისი“ TKT.GE-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა
„თიბისიმ“ ბილეთების შეძენის ონლაინ პლათფორმა TKT.GE-ში თავისი წილი 26%-დან 55%-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. „თიბისიმ“ TKT.GE-ს 26%-იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა.
ონლაინ პლატფორმა TKT.GE 2015 წელს შეიქმნა. TKT.GE-ს ტექნიკური პლატფორმა შექმნილია კომპანია „ლემონდუს“ მიერ, რომელიც რჩება შპს „ონლაინ თიქეთსის“ მმართველ პარტნიორად და „თიბისი ბანკთან“ ერთად იზრუნებს კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განხორციელებაზე. „ლემონდუ“ არის წარმატებული IT კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნა და განავითარა.
Adjarabet-ის 51% ირლანდიურმა კომპანიამ 115 მილიონ ევროდ შეიძინა
ირლანდიურმა კომპანიამ Paddy Power Betfair-მ საქართველოს აზარტული თამაშების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის "აჭარაბეთის" 51%-იანი წილი იყიდა. გარიგების საფასური 115.4 მილიონ ევროს შეადგენს. ამასთანავე, კომპანია გამოთქვამს სურვილს, რომ დანარჩენ 49%-ს მომავალი სამი წილს განმავლობაში შეისყიდის. "აჭარაბეთი" მხოლოდ საქართველოში არ ოპერირებს, კომპანია ფლობს ვებგვერდ adjarabet.am-ს, რომლითაც ის სომხეთის ბაზარზე ოპერირებს. მასზე სომხეთის ონლაინ-გემბლინგის ბაზრის 10% მოდის.
თიბისი ბანკის ჯგუფმა myauto.ge -ს და myhome.ge –ს მფლობელი კომპანია შეიძინა
2019 წელს „თიბისი ბანკის ჯგუფმა“ გაავრცელა ინფორმაცია, myauto.ge -ს და myhome.ge –ს მფლობელი კომპანიის, My.ge გრუპის 65%-იანი წილის შეძენაზე. გარიგების ღირებულება 19.45 მლნ ლარია, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფი შეფასებულია 29.93 მლნ ლარად. თიბისის აქვს უფლება, გარკვეული პირობებით დარჩენილი 35%-იც გამოისყიდოს. თანხის გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით და დაკმაყოფილდება TBC ჯგუფის არსებული რესურსებით.
My.ge-ს ჯგუფი ფლობს პლატფორმებს myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, myparts.ge, mysports.ge და myjobs.ge. ჯგუფში შემავალ საიტებს ყოველთვიურად 1,7 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და ლიდერია, მაგალითად ავტომობილების რეალიზაციის ბაზარზე. უძრავი ქონების ბაზარზე კი მეორე ადგილზეა 30-40%-იანი წილით. 2018 წელს ჯგუფის აქტივები 3.3 მილიონ ლარს, ამონაგები კი, 4 მლნ ლარს შეადგენდა.
„გლობალ ბიერ ჯორჯიამ“ „ყაზბეგის“ ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები შეიძინა
„საქართველოს კაპიტალის“ ჯგუფში შემავალმა კომპანიამ „გლობალ ბიერ ჯორჯიამ“, უძველესი ქართული ლუდსახარში „ყაზბეგის“ ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები შეიძინა. ამ ნიშნის ქვეშ ლუდი 1881 წლიდან იწარმოება. გარიგების თანხამ 3.65 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„ყაზბეგი“ საქართველოს ლუდის ბაზარზე სიდიდით მე-5 მოთამაშეა და ჰორეკას (HORECA) მიმართულებით კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. კომპანიას ლუდისა და ქართული ლიმონათის ბაზარზე 4-5%-მდე წილი უკავია.
გარიგება არ მოიცავს „ყაზბეგის“ საწარმო აქტივების შეძენას. კომპანიის ყოფილი დირექტორის, ირაკლი თოფაძის განცხადებით, კომპანია „ყაზბეგის“ საწარმოები მათ საკუთრებაში რჩება. საწარმოები სამომავლოდ შესაძლოა, გასხვისდეს ან სხვა საქმიანობას მოხმარდეს, თუმცა ლუდი და ლიმონათი ამ საწარმოებში აღარ იწარმოება.
უძველესმა ნიდერლანდურმა ლუდსახარშმა Royal Swinkels Family-მ ქართული ლუდსახარში „არგოს" 40% შეიძინა
2019 წლის 31 ივლისს Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში „არგოს“ 40% იყიდა, რითაც ქართულ ბაზარზე თავიანთი წილი 15%-მდე გაზარდეს. როიალ სვინკელსებმა ბრენდი ბავარიას წარმოების ლიცენზია პირველად საქართველოში 2016 წელს გასცა. ხოლო 2017 წლიდან, არგოსთან ერთად, მეორე ბრენდი, ჰოლანდიაც ჩაუშვა. არგოს 40%-იანი წილის შესყიდვა ხაზს უსვამს მათ ხანგრძლივ ინტერესს - დარჩნენ საქართველოს ლუდსახარშ ბაზარზე და შესაძლოა, საქართველო მათთვის ერთ-ერთ მთავარ საწარმოო ქვეყნადაც კი იქცეს.