„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი თბილისის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კუთხით, 2019 წელს აჯამებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის „ფეისბუქ“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„წლის დასაწყისში, 16 იანვარს, მერიაში განაცხადეს, რომ 34 საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციას დაიწყებდნენ. ამისთვის გამოიყო 237 732 ლარი, სამუშაოები კომპანია „უნივერსალმშენს“ დაუკვეთეს. თუმცა, მალევე, 30 იანვარს თბილისის მერიაშივე განაცხადეს, რომ საფეხმავლო ხიდები არ არის ეფექტიანი და მათ დემონტაჟს დაიწყებდნენ, რაც განახორციელეს კიდეც. გაუგებარია, რისი რეაბილიტირება მოხდა 273 732 ლარით, თუ ხიდების დემონტაჟი ისედაც იგეგმებოდა.
მნიშვნელოვანია დედაქალაქში მიმდინარე საგზაო-სამშენებლო სამუშაოები და ასეთ ინიციატივებს დადებითად ვაფასებ. მათი უმრავლესობა ივნისი-ივლისის თვეში დაიწყო და ჯერ 15 სექტემბერს, შემდეგ ოქტომბრის ბოლოს, მოგვიანებით კი ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ასე არ მოხდა! ვადებს რომ თავი დავანებოთ, უმეტეს შემთხვევაში, კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოები კრიტიკას იმსახურებს. დასრულებული სამუშაოები იმდენად უხარისხოა, რომ ამას საინჟინრო საქმის არმცოდნე მოქალაქეებიც ადვილად ამჩნევენ. იგივეს ამჩნევს ქალაქის მერიც, რომელიც პერიოდულად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის როლშია და მწვავედ აკრიტიკებს კომპანიებს. არადა, თბილისის მერია უკვეთავს კომპანიებს სამუშაოებს და შესაბამისი სამსახურები აწერენ ხელს მიღება-ჩაბარების აქტებს. ცუდად შესრულებული სამუშაოების შემდეგ, მერია კვლავ იგივე კომპანიებს უკვეთავს საგზაო სამუშაოებს, რაც უამრავ კითხვას ბადებს! კანდელაკის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებიც ნათელი მაგალითია სისტემური პრობლემის.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი კრიზისშია. დედაქალაქელებისთვის გადაადგილება ტანჯვაა. მწყობრიდანაა გამოსული ყვითელი ავტობუსები და ყვითელი „მარშუტკები“. ამას თან ერთვის გაზრდილი მოთხოვნა მეტროზე, რომელიც უბრალოდ ვეღარ უძლებს დატვირთვას. საზ-ტრანსპორტის სამგზავრო ადგილები, რაოდენობრივად მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მოთხოვნას! ამ ფონზე ცინიკურად ჟღერს მოწოდება: „გააჩერეთ კერძო ავტომობილები და გადმოჯექით საზ-ტრანსპორტში“. კარგი იქნება თუ მერიისა და სამინისტროების მაღალჩინოსნები მაგალითს მოგვცემენ და თავად იმგზავრებენ საზ-ტრანსპორტით.
მერიაში განაცხადეს რომ დახარჯავენ 30 მილიონ ლარს და შეიძენენ 300 მიკროვატობუსს, ვინაიდან კომპანია „თბილისის მიკროვატობუსს“ არ აქვს რესურსი ავტოპარკის განახლების. ეს გადაწყვეტილება, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ყველა საერთაშორისო წარმატებულ მაგალითს.
დადებითად უნდა შევაფასოთ ავტობუსების პარკის განახლების ტენდენცია (თუნდაც შენელებული ტემპით). აგრეთვე, კარგი ამბავია, რომ ADB-ს მხარდაჭერით გამოიყო 12 მილიონი ევრო მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლის მიზნით.
არ გახსნილა „რეაბილიტირებული“ ბაგების საბაგირო გზა, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა გაეხსნათ, შემდეგ 2018-ში, ბოლოს 2019-ში. მაგრამ „არსაიდამ ხმა, არსით ძახილი“. გაშეშებულია საბაგირო! არც კომპანია ჩანს, არც შესაბამისი სამსახურები და აღარც დახარჯული ასეულათასობით ლარი.
ტაქსების „რეფორმამ“ ავტომობილების თეთრად გადაღებვის ვალდებულებაც მოიტანა. რეგულაციას მძღოლების რამდენიმე სერიანი პროტესტი მოჰყვა. ფერთან დაკავშირებით არა, მაგრამ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვასთან მიმართებაში მერიამ უკან დაიხია. საბოლოოდ თბილისის ქუჩები „გადათეთრდა“. რა თქმა უნდა თეთრ ფერს არც მომსახურების გაუმჯობესებაზე უმოქმედია და არც უსიამოვნო სუნი გამქრალა სადმე, აი მგზავრობის ფასზე კი ნამდვილად იმოქმედა, რომელიც ჩემი გათვლით 20-30 %-ით გაიზარდა. ხშირად რომის თეთრი ფერის ტაქსები მოჰყავთ მაგალითად, თუმცა ვენაში, პრაღაში და სხვა ბევრ ქალაქში ტაქსი ფერადია. მოკლედ, ამ ეტაპზე გვყავს გაძვირებული თეთრი ტაქსები, იგივე დონის მომსახურებით.
მწვავდება პარკირების საკითხი, მითუმეტეს როცა ავტომობილების რაოდენობა იზრდება. მერიის სამსახურებმა დღემდე ვერ მოაგვარეს ელემენტარული პრობლემები: „სტაიანშიკი“, კერძო პირების მიერ უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები, ნაგვის ურნები პარკირების ადგილზე, პარკირების არასწორად დახაზვა, რკინის კონსტრუქციების თვითნებური განთავსება პარკირების ადგილებზე და სხვა მრავალი.
1 აგვისტოდან ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირება (რამდენიმე ქუჩაზე), რაც ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა. თუმცა მისი მთელი ქალაქის მასშტაბით დანერგვა მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით კი საზ-ტრანსპორტის განვითარებასთან.
კვლავ გაიცემა მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობების ნებართვები ისე, რომ საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება საერთოდ არ ხდება, რაც სამომავლოდ მოგვცემს გაუვალ და გაჭედილ ქუჩებს. ნინო ჟვანიას ქუჩა ამის ნათელი მაგალითია.
კარგია, რომ დედაქალაქში მრავლდება ელექტრო-დამტენები. თუმცა იქ, სადაც დამტენები ფასიანია, ავტომობილის დატენვა საკმაოდ ძვირი ჯდება და ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება ელექტრომობილების წახალისებად.
საგზაო მონიშვნებთან და საგზაო ნიშნებთან დაკავშირებით კვლავ ბევრი პრობლემაა. მათი განთავსება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ამის ნათელი მაგალითია, თბილისის ზებრა-გადასასვლელების უმეტესობა. ხშირად გამოყენებულია უხარისხო მასალა.
და ბოლოს, კვლავ არ გვაქვს მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარების გეგმა. არავინ იცის როგორი იქნება თბილისი 2021-2022 წლებში, ან ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაში, მაგალითად 2030-ში,“-წერს მესხიშვილი.