აშშ-ის მთავრობა უკრაინას 116 მლნ დოლარის დახმარებას გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების დასახმარებლად 116 მილიონი დოლარი გამოიყოფა აღჭურვილობისა და საზღვარზე კონტროლის დამყარებისა და მონიტორინგის საკითხის შესწავლის მიზნით, რაც ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას უკავშირდება.

"ცენზორ.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.

აღჭურვილობის სახით, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, უკრაინას ჯავშანჟილეტები, შლემები, ტრანსპორტი, ღამის ხედვის მოწყობილობები, სპეცტექნიკა, რაციები, საპატრულო ნავები, კარვები, რადარები გადასცეს.

გარდა ამისა, აშშ-ის ხელისუფლების ინიციატივით, რიგი სამხედრო ექსპერტები და სპეციალისტები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უკრაინაში კონსულტაციებს გამართავენ, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებისა და მედპერსონალის დაცვის მიზნით.