სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქის მერიისთვის და მიიღო მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში პარლამენტის წინ განთავსებულ ბატუტთან დაკავშირებით განუცხადეს.
როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება გაცილებით ფუნქციური შინაარსისა და შესაბამისი ვიზუალის მქონე ატრაქციონი.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი სივრცის მოწყობის გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.
„სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერიას თხოვნით მიმართა არაერთმა მცირე მეწარმემ, საშობაო სოფლებში მათ საკუთრებაში მქონე ატრაქციონების განთავსების შესახებ. მერიაში შემოსული განცხადებების ნაწილი დაკმაყოფილდა და მცირე მეწარმეებმა ორბელიანისა და პირველი რესპუბლიკის მოედნებზე დაამონტაჟეს ატრაქციონები. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერიამ მიიღო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი სივრცის მოწყობის გადაწყვეტილება, მცირე მეწარმეთა დარჩენილ ნაწილს მიეცა პარლამენტის წინ ატრაქციონების დადგმის უფლება.
გუშინ წარმოდგენილი ატრაქციონის (სასრიალო ბატუტი) ვიზუალური მხარე არ იყო წინასწარ შეთანხმებული მერიასთან, განცხადებაში აღწერილი იყო მხოლოდ ფუნქციური შინაარსი. სასრიალო ბატუტის ვიზუალი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დედაქალაქის მერიისთვის და მიიღო მისი ჩანაცვლების გადაწყვეტილება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება გაცილებით ფუნქციური შინაარსისა და შესაბამისი ვიზუალის მქონე ატრაქციონი პატარებისთვის,“ -აცხადენებენ დედაქალაქის მერიაში.