გუდაურში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, შესაბამის სამსახურებთან ერთად, წყლის დამატებითი მარაგის მოსაპოვებლად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს დროებითი სატუმბო სადგურის მოწყობა, რათა მოხერხდეს წყლის მარაგის დამატება და რეზერვუარების შევსება.
„პარალელურად, „რედკოს დასახლებას“ წყალი მიეწოდება წყალმზიდების საშუალებით. დასახლებას წყალს მანამდე მიაწვდიან, სანამ დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები არ დასრულდება. გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერვუარების შევსებას პრობლემა შეექმნა და ,,რედკოს დასახლება"-ში წყლის მიწოდება შეფერხდა,”- აღნიშნავენ კომპანიაში.
ცნობისთვის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.