საბერძნეთის დედაქალაქ ათენში „აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის“ გაზსადენის EastMed-ის პროექტის მშენებლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.დოკუმენტს დემონსტრაციულად ხელი მოაწერეს საბერძნეთის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრმა კოსტის ხაძიდაკისმა, ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა იუვალ შტაინიცმა და კვიპროსის ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრმა გეორგიოს ლაკოტრიპისმა. ცერემონიალს ესწრებოდნენ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მოციტაკისი, ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელი ბენიამინ ნეთანიაჰუ და კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი. შეთანხმების პროცედურა დასრულდება მას შემდეგ, რაც ამ დოკუმენტს შეუერთდება იტალია, ეს თარიღი კი ჯერ დადგენილი არაა, თუმცა იტალია ამ პროექტის აქტიური მხარდამჭერია..
გაზსადენმა EastMed გაზით უნდა მოამარაგოს ხმელთაშუა ზღვის გავლით საბერძნეთი, რომელიც თავის მხრივ მის ტრანზიტს განახორციელებს გაზსადენ „პოსეიდონის“ საშუალებით იტალიაში და ასევე ბულგარეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით. ევროკომისიამ გაზსადენ EastMed-ს უწოდა საერთო ინტერესის პროექტი და მისი ტექნიკური კვლევის დასრულებისთვის გამოყო 34,5 მილიონი ევრო.
როგორც მოსალოდნელია გაზსადენის მშენებლობა, რომლის სიგრძეც 2000 კმ იქნება დაახლოებით 7 წელიწადში დასრულდება და დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი დაჯდება. პროექტის დადგმული სიმძლავრე 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება წლიურად.