პროფესორი ლადო პაპავა აცხადებს, რომ ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება და იმის გათვალისწინებით, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებები ვერ შეასრულა, შესაძლებელია, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტი ფოთის პორტის განვითარებას მიენიჭოს.
ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივებზე საუბრისას განუცხადა.
„საქართველოს ნამდვილად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი. ეს პრინციპული და სტრატეგიულია ქვეყანაში ეკონომიკური დერეფნის განვითარებისთვის. როგორც ირკვევა, „ანაკლიის კონსორციუმმა“ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, აქედან გამომდინარე მთავრობას დასჭირდება კარგად გაიაზროს ყველაფერი, მათ შორის შეიძლება ამ ეტაპზე პრიორიტეტი ფოთის პორტის განვითარებას მიენიჭოს, მის გაფართოვებას და გაღრმაწყლოვანებას, რაც უკუგდებული იყო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. უნდა გაკეთდეს ის, რისი გაკეთებაც რეალისტურია, სადაცაა ინვესტორი, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსურ გარანტიებს არ მოითხოვს და პროექტს ბოლომდე მიიყვანს,“- აცხადებს პაპავა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ახალი არაა.
„ეს პროექტი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან არსებობდა. მას განიხილავდა ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა, ამიტომ ანაკლიის პორტი უცილებლად იქნება საქართველოში, უბრალოდ ამ ეტაპზე მისი რეალიზაცია სხვადასხვა მიზეზთა გამო შეიძლება შეუძლებელი გახდეს,“-აცხადებს ლადო პაპავა.
შეგახსენებთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე.