შილდას მეღვინეობა Euronews-ის ობიექტივში - როგორი იქნება მომავლის „მწვანე არქიტექტურა“ მსოფლიოში (+ფოტო)

მსოფლიოში კლიმატის ცვლილება და ეკოლოგია ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ურბანიზაციამ და ქალაქების მასობრივმა განაშენიანებამ დასახლებულ პუნქტებში მწვანე სივრცეების სერიოზული კლება გამოიწვია.

ამიტომ დღეისათვის უამრავი ქალაქი განაშენიანებულ უბნებში ახალი ეკო-მეგობრული შენობების დაპროექტებას ცდილობს, რომლებიც ეკოლოგიურ ბალანსს უკეთესობისკენ შეცვლიან.

გამოცემა Euronews „მწვანე არქიტექტურის“ 5 გამორჩეულ და მასშტაბურ მაგალითს წარმოგიდგენთ:

Precht's Yin & Yang house

არქიტექტორმა კრის პრეხტმა გერმანიის ქალაქ ქასელის ორიგინალური ცათამბრჯენის გეგმა წარმოადგინა, რომლესაც Precht's Yin & Yang house ეწოდება. პროექტის მიხედვით შენობა მთლიანად ხისგან დამზადდება და მასში ასობით ხე და სხვადასხვა მცენარე განთავსდება. ამასთანავე, შენობაზე განთავსებული მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეები მის მოთხოვნილებას სრულიად დააკმაყოფილებს.

Park Royal Hotel Pickering

უჩვეულო დიზაინის შენობა Park Royal Hotel Pickering, რომელიც სინგაპურში მდებარეობს, არქიტექტურულმა კომპანია WOHA-მ დააპროექტა. მისი მშენებლობა 2013 წელს დასრულდა. როგორც სასტუმროს შიგნით, ასევე მის გარეთ რამდენიმე ბაღია განთავსებული. ამასთან, სასტუმროში ვარდების ბაღისა და ჩანჩქერის ნახვაცაა შესაძლებელი.

Off the Grid Office

რუმინელმა არქიტექტორმა სტეფან მანტუმ ორიგინალური სამუშაო სივრცე სახეწოდებით Off the Grid Office დააპროექტა. მისი გეგმის მიხედვით, სავსებით შესაძლებელია ჩვენი სამუშაო ოფისი ეკო-მეგობრული გავხადოთ. არქიტექტორმა წარმოადგინა პროექტი, სადაც საოფისე მაგიდების გვერდით ათობით ხე და მცენარეა, რაც განტვირთვაში დაგვეხმარება.

Corallo House

გვატემალაში მომავლის საცხოვრებელი სახლი სახელად Corallo House ააშენეს. ის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და ბუნებას იდეალურად ერწყმის. ამასთან, სახლის სახურავზე განლაგებული მზის ბატარეები მას ელექტროენერგიით ამარაგებს.

Shilda

მწვანე არქიტექტურულ პროექტებს შორის ბრიტანული კომპანიის X-architecture-ის მიერ საქართველოში, კახეთში აშენებული შილდას მეღვინეობაც მოხვდა. კომპანიის განცხადებით, მეღვნეობა ბუნებას ჰარმონიულად ერწყმის და ეკოლოგიურად ჯანსაღ პროექტს ქმნის.

ბექა ბერიაშვილი