საქართველოში საახალწლო სუფრის საშუალო ღირებულება 7.8%-ით გაძვირდა.
ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.
ISET-ის საახალწლო სუფრის ინდექსი ითვლის, რა უჯდება სტანდარტული სადღესასწაულო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში. საუბარია ისეთი ტრადიციული კერძების ფასებზე, როგორებიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილი და გოზინაყი.
„გასულ წელთან შედარებით, საახალწლო სუფრის ფასი ყველა რეგიონში გაიზარდა. 2019 წლის დეკემბერში საქართველოში საახალწლო სუფრის საშუალო ღირებულება 161.10 ლარია, რაც 7.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან (2018 წლის დეკემბერთან) შედარებით.
ინდექსის ყველაზე დაბალი ღირებულება (156.9 ლარი) გურიაში, ყველაზე მაღალი (169,7 ლარი) კი შიდა ქართლში დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ზრდა შიდა ქართლში გვაქვს, სადაც ახალი წლის სუფრის საშუალო ფასი 169,7 ლარია, რაც 19.4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ეს ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ 2018 წლის დეკემბერში ფასების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შიდა ქართლში გვქონდა.
2019 წლის დეკემბერში, ახალი წლის სუფრის შემადგენელი თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა გასული წლის იმავე პერიოდთან (2018 წლის დეკემბერთან) შედარებით. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე: ყველი, კარტოფილი, სტაფილო, კიტრი, ღორი, კალმახი და რძე. ყველის ფასი 20%-ით გაიზარდა, კარტოფილის – 22%-ით, კიტრის – 15%-ით, სტაფილოს – 15%-ით, ღორის – 18%-ით, კალმახის – 6%-ით. პროდუქტები, რომლებიც გაიაფდა არის კვერცხი (-10%) და ბადრიჯანი (-2%). საახალწლო სუფრაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ინგრედიენტია ნიგოზი. დეკემბერში, კილოგრამი ნიგვზის ფასი 20.50-23.27 ლარს შორის მერყეობდა,“-აღნიშნულია „აისეტის“ ინფორმაციაში.