რამდენიმე მოქალაქეს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

„შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზის 185 კმ-ზე და სრულდება იმავე საავტომობილო გზის 200 კმ-ზე, არგვეთაში. აღნიშნული მონაკვეთი პირდაპირ უერთდება არგვეთას კვანძს, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის გაგრძელებას და ნაწილობრივ გადაფარავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორს.

პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი,“-აღნიშნულია ბრძანებაში.

თუმცა, უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ რამდენიმე მოქალაქესთან ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული. კერძოდ, საუბარია, იური ნებიერიძის, მაგული ნებიერიძის, მალხაზ ნებიერიძისა და ნათია ნებიერიძის თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 256 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე (მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 3 615 კვ.მ). შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

თაია არდოტელი