Lonely Planet-მა 2020 წლის 10 ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქი დაასახელა

გამოცემა Lonely Planet-მა 2020 წლის 10 ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქი დაასახელა. სტატიის მიხედვით, მიმდინარე წელს აღნიშნული ქალაქების მიმართ ინტერსი განსაკუთრებით გაიზრდება და მათ მილიონობით ტურისტი მოინახულებს.

ზალცბურგი, ავსტრია

ავსტრიის ქალაქი ზალცბურგი ალპების მთებში მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამასთანავე, წელს ქალაქის ცნობილი ფესტივალი 100 წლის ხდება, რის გამოც აქ უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ვაშინგტონი, აშშ

მიმდინარე წელი აშშ-ის დედაქალაქისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც ძირითადად საპრეზიდენტო არჩევნებთანაა დაკავშირებული. ამასთანავე, აშშ-ში ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება ზუსტად 100 წლის წინ მოიპოვეს, რის გამოც ქალაქში არაერთი ღონისძიება გაიმართება.

კაირო, ეგვიპტე

ბოლო დროს საკმაოდ გაიზარდა ინტერესი ეგვიპტის დედაქლაქის კაიროს მიმართ. უძველესი კულტურისა და პირამიდების სანახავად აქ ათასობით ტურისტი ჩამოდის.

გოლუეი, ირლანდია

გოლუეი ირლანდიის გამორჩეული ქალაქია. ის 2020 წლის ევროპის კულტურულ დედაქალაქად დასახელდა. გოლუეი მსოფლიოში აღიარებული ცოცხალი მუსიკით, ცეკვითა და თეატრითაა ცნობილი.

ბონი, გერმანია

ბონი გერმანიის ქალაქია, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ დროებით ქვეყნის დედაქალაქი გახდა. წელს ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წლის გასვლასთან დაკავშირებით აქ უამრავი ღონისძიება გაიმართება.

ლა-პასი

ლა-პასი ბოლივიის ყველაზე დიდი ქალაქია. ბოლო წლების განმავლობაში მის მიმართ ტურისტების ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მთიან რელიეფზე გაშენებულ ქალაქში 11 საბაგიროა, რომლებიც ლა-პასის პეიზაჟებით ტკბობის საშუალებას იძლევა.

კოჩი, ინდოეთი

კოჩი ინდოეთის სამხრეთში მდებარეობს. აქ ინდოეთის სხვა ქალაქების მსგავსად უამრავი ფესტივალი და ღონისძიება იმართება. ბოლო პერიოდში ქალაქი ცდილობს მთლიანად მზის ენერგიაზე გადავიდეს. რამდენიმე წელში აქ საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნება, რომელიც მთლიანად მზის ენერგიზე იმუშავებს.

ვანკუვერი, კანადა

ვანკუვერი 2020 წლის მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქალაქად დასახელდა. ქალაქში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა გარემოს დაცვას. აქ ყველა პირობაა შექმნილი ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილებისათვის.

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

გამოგონებებისა და სიახლეების მოყვარულებისთვის დუბაი 2020 წლის საუკეთესო არჩევანია. მულტიფუქციურ ქალაქში წელს World Expo 2020-ის ფარგლებში 6 თვის განმავლობაში 190 ქვეყნის უახლესი გამოგონებები იქნება წარმოდგენილი.

დენვერი, აშშ

დენვერი ბოლო დროს აშშ-ის ყველაზე მზარდი ქალაქი გახდა. ის გასაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებშია. ქალაქში უამრავი კაფე, რესტორანი, კლუბი და გასართობია აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის.

ბექა ბერიაშვილი