ამსტერდამში ტურისტებისთვის დამატებითი მოსაკრებელი დაწესდა - რამდენი ევროს გადახდა მოუწევთ დამსვენებლებს ერთ ღამეში

ამსტერდამში ტურისტებისთვის დამატებითი მოსაკრებელი დაწესდა.

უკვე 2020 წლის იანვრიდან ქალაქში ჩასულ უცხოელ დამსვენებლებს ერთ დღე-ღამეში დამატებით 3 ევროს გადახდა მოუწევთ. ეს თანხა დამატებით დაერიცხება საცხოვრებელი ფართის ღირებულების 7%-ის დამატებით. გარდა ამისა, მოგზაურებმა, რომლებიც Airbnb-ზე ჯავშნიან ფართებს, ერთ ღამეში საფასურის 10% უნდა გადაიხადონ.

ასე რომ, ამსტერდამის ტურისტული გადასახადი ყველაზე მაღალი იქნება ევროპაში. ხელისუფლების განცხადებით, მათ გადაწყვიტეს ჩაერთონ ტურიზმის მენეჯმენტში. ისინი თვლიან, რომ ეს ზომები საშუალებას მისცემს გააკონტროლონ ტურისტების ნაკადი ქვეყნის დედაქალაქში.

2018 წელს ამსტერდამში, სადაც დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 19 მილიონი ტურისტი ჩავიდა. 2030 წლისთვის ქალაქში ჩასული სტუმრების რაოდენობა 42 მილიონამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ტურიზმიდან 92 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებს.

ტურსტების გაზრდილი რაოდენობით შეშფოთებულები არიან ნიდერლანდების დედაქალაქის მცხოვრებლები. ამსტერდამელები ამბობენ, რომ უცხოელები ცუდად იქცევიან და აზიანებენ არქიტექტურას.

ამსტერდამი არ არის პირველი ქალაქი, სადაც გაზრდილი ტურისტული ნაკადის გამო ტურისტებისთვის გადასახადი დაწესდა. მაგალითად, რომში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ერთ ღამეში ტურისტს დამატებით 7 ევროს გადახდა უწევს, გერმანიაში კი ნომრის საფასურის 7,5%-ის.

2020 წლის 1-ლი აპრილიდან ტურიზმის გადასახადი წესდება თურქეთშიც. ამ შემთხვევაში გადასახადს გადაიხდიან არა უშუალოდ ტურისტები, არამედ სასტუმროები და საოჯახო სახლები. მოსაკრებელი იქნება 1%, ეს ეხება არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ მათ მომსახურებას. შემდეგ წელს ის გაიზრდება 2% -მდე.