2019 წელს ტექინსპექტირება 1 398 434-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 50% დახარვეზდა

2019 წელს ტექინსპექტირება 1 398 434-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 50% დახარვეზდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

2019 წლის პირველ იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლა ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია სავალდებულო ტექინსპექტირების ერთი წლის შედეგები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი და მეორადი შემოწმება) სულ გაიარა 1 398 434-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ. აქედან 691 619-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ დააკმაყოფილა მოთხოვნები, დახარვეზდა 704 711, ხოლო გადაადგილება აეკრძალა 2 104 ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

შეგახსენებთ, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება მთლიანად ავტოპარკისთვის სავალდებულო გახდა. ცნობისთვის, 2018 წელს ამოქმედდა ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, აგრეთვე 3 000 კუბ/სმ ან მეტი ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილებისთვის.