რამდენმა ადამიანმა ისარგებლა 20%-იანი ფასდაკლებით თბილისში დაფიქსირებულ ვიდეოჯარიმებზე

2019 წლის მე-3 კვარტალში თბილისში დაფიქსირებული ვიდეოჯარიმებიდან 44.74%-ის შემთხვევაში მძღოლებმა ფასდაკლებით ისარგებლეს.

საუბარია 20%-იან ფასდაკლებაზე, რომლითაც მოქალაქე იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის ჯარიმას.

შს სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის მე-3 კვარტალში დედაქალაქში ჯამში, 275 467 ვიდეოჯარიმა დაიფიქსირდა. აქედან, 123 244 შემთხვევაში მოქალაქეებმა 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. „ჭკვიანი კამერები“ დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ, მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა მიზეზების გამო.

თაია არდოტელი