საქართველოს თავდაცვის ძალები გაუყინავი ქართული ხორცით მომარაგდება. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სამინისტრო (კვებითი უზრუნველყოფის კომპანია) კონსოლიდირებული ტენდერის ხელახლა გამოცხადებამდე, შესყიდვების სააგენტოსგან ერთთვიან უფლებას იღებს, იმისათვის, რომ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალები ქართული გაუყინავი ხორცით უწყვეტად მომარაგდეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ უფლების მოპოვების შემდეგ, კვების კომპანია ერთთვიან ხელშეკრულებას გაუფორმებს კომპანიას, რომელიც თავდაცვის ძალების ქართული ხორცით მომარაგებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინაციით ქართველ ფერმერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ჯარის ქართული ხორცით უწყვეტი მომარაგების მიზნით მობილიზება მოახდინონ.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების უმაღლეს სტანდარტებზე გამახვილდა. 2019 წლის 1 ნოემბრიდან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე, მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე გადავიდა, რაც კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას გულისხმობს. საერთო ჯამში, კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა. 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში ჯარის მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის და ქართული ხორცით კვება მოთხოვნილი იქნება. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, დავალებით, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის, ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის.
ამასთანავე, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც კვებითი უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.