მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტს თბილისის მერია განახორციელებს

თბილისის მერიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტი გადაიბარა.

როგორც მთავრობის სხდომიდან გამოსულმა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თვითმმართველობის ახალი კოდექსით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება გახდა ეს საკითხი. "აქედან გამომდინარე, საპროექტო სამუშაოები, რომელიც სამინისტრომ შეასრულა, ჩვენ გადმოგვეცა გასულ კვირას. შესაბამისად, გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს მშენებლობაზე, რომ სწრაფად დავიწყოთ ახალი თავშესაფრის მშენებლობის საკითხი", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი თავშესაფარი აშენდება, ე.წ. კარვების ქალაქი დაიხურება და იქ მყოფი ადამიანები თავშესაფარში გადავლენ.

ნარმანიას ინფორმაციით, მერია კიდევ ერთ ტენდერს გამოაცხადებს - ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგებასთან და კანალიზაციასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადდება.