„ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს შესაბამის სამინისტროების მმართველ პირებს, რომ პასუხისმგებლობა აიღონ ზამთრის კურორტებზე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შემნილ პრობლემებზე. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.
„ქვეყანაში ზამთრის საკურორტო სეზონი ჩავარდა. ელემენტარული პრობლემის - წყლის მიუწოდებლობის გამო ათასობით ტურისტმა გააუქმა საკუთარი შვებულება და დატოვა გუდაური და ბაკურიანი. განსაკუთრებით დაზარალდა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი, სასტუმროთა მეპატრონეები, რომლებიც მთავრობას არსებული პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ზამთრის სეზონიდან აფრთხილებდნენ!
გუდაურსა და ბაკურიანში დღეს ხდება იგივე, რაც მთელ ქვეყანაში - ეს არის ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, უუნარობა და ელემენტარული მენეჯმენტის არარსებობა. აუცილებელია მსგავსი პრობლემების სწრაფი და ეფექტური მოგვარება მოხერხდეს!
უკვე ერთი კვირაა, რაც საქართველოს ზამთრის კურორტებზე ეს სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ გამოუვლენია შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არცერთი პირი და უწყება.
მოვითხოვთ, სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა ამ პრობლემაზე შესაბამისი სამინისტროს მმართველმა პირებმა, რადგან ქვეყანაში საკურორტო სეზონის ჩავარდნა არა მხოლოდ ეკონომიკურად აზიანებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს, არამედ იმიჯს ულახავს მას, როგორც ზამთრის საკურორტო ქვეყანას“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.