სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - წყალთან დაკავშირებული პრობლემები სასტუმროების მხოლოდ 10-15%-ს შეექმნა

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ბაკურიანში წყალთან დაკავშირებული პრობლემები სასტუმროების მხოლოდ 10-15%-ს შეექმნა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რომ დაბა ბაკურიანის დამსვენებლებს შეექმნათ სათანადო პირობები და კომფორტი. „რაც შეეხება ბოლო დღეებში წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც სასტუმროების დაახლოებით 10-15 % -ს შეექმნა. ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი მიეწოდება, მაგრამ რამდენიმე სასტუმროს, რომლებიც განთავსებულია ჩვენი ცენტრალური ავზიდან მაღლა, შეექმნა პრობლემა. კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში ეს პრობლემა გადაიჭრას”, - განაცხადა ამირანაშვილმა.

მისივე თქმით, ბაკურიანში წინა წელთან შედარებით ნაკლებია საცობების პრობლემაც, არ არსებობს ასევე დასუფთავების, გაზიფიცირებისა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის პრობლემა.

„ამ დროისთვის დამსვენებლების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ის გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სასრიალო ტრასები არ გახსნილა. უახლოეს დღეებში ველოდებით თოვლს, ყველაფერს ვაკეთებთ და მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ დამსვენებლებს“, - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.