”თბილისის მერია სესხს მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღებს, თუ ამის აუცილებლობა დადგება”

თბილისის მერია სესხს მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღებს, თუ წლის ბოლოს დეფიციტი იქნება და ამის აუცილებლობა დადგება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომიდან გამოსულმა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, სესხის აღებასთან დაკავშირებით თანხმობა ცენტრალურმა მთავრობამ მერიას ორი კვირის წინ მისცა.

"თუმცა, ჩვენ სესხს ავიღებთ იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლოს დეფიციტი იქნება და ამის აუცილებლობა დადგება. ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს მიმდინარე ნაშთი შესაბამის ანგარიშზე, ანუ თბილისის მერიის ანგარიშზე და იქედან ვხარჯავთ. ბიუჯეტში ცვლილება გუშინწინ დამტკიცდა და შესაბამისად, ახლა უკვე შეცვლილი ბიუჯეტით შეგვიძლია ვიმუშაოთ და მივაწოდოთ საზოგადოებას ის აუცილებელი ჯანდაცვითი და სოციალური მომსახურება, ასევე სხვა მომსახურება, რომელსაც ისინი ელოდებიან", - განაცხადა ნარმანიამ.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაიმე სახის მომსახურებაზე თბილისელებს შეფერხება არ ექნებათ და მათ ყველა შესაბამისი დახმარება მიეწოდებათ, ასევე ყველა ოპერაცია დაუფინანსდებათ, რაც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ეკუთვნით.