საშობაო საზეიმო მსვლელობა „ალილოს“ გამო, დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანში ტრანსპორტით გადაადგილება დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, მსვლელობა „ალილოს“ გამო თბილისის ზოგიერთ უბანში 14:00 საათიდან ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაგეგმილია ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა ,,ალილო“, რის გამოც თბილისში, 14:00 საათიდან, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.

ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.