ოქროს ფასი შვიდწლიან მაქსიმუმზეა

ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი ბოლო შვიდი წლის მაქსიმუმზეა. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.

ლონდონის ბირჟაზე ამ ძვირფასი მეტალის ფასი ორშაბათის ვაჭრობის შედეგად ერთ უნციაზე 2,%-ით 1588,13 დოლარამდე გაიზარდა. შედეგად კი 2013 წლის აპრილის მაქსიმუმი გადალახა, როცა 1 უნცია ოქრო 1576,67 დოლარი ღირდა. ამავე ბირჟაზე ასევე რეკორდულად გაიზარდა პალადიუმის ფასი - 2030,28 დოლარი უნციაზე. ვერცხლის ფასიც გაიზარდა 18,5081 დოლარამდე უნციაზე, რითაც გასული წლის სექტემბრის რეკორდს გადააჭარბა.

Goldman Sachs Group Inc.-ის ანალიტიკოსების აზრით, ოქროზე ფასი შესაძლოა, ნავთობის ფასზე მეტად გაიზარდოს. UBS Group AG და ABN Amro Bank NV-ს ანალიტიკოსების აზრით კი, თუ რეგიონში დაძაბულობა შენარჩუნდება, ოქროს ფასი სამომავლოდ შესაძლოა, 1600 დოლარამდე გაიზარდოს.

კოკა კვირკველია