რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ თეირანთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში

თეირანთან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 180-მდე პირი დაიღუპა.

ბორტზე მყოფების უმეტესობა ირანის მოქალაქეები იყვნენ. როგორც უკრაინული მედია წერს, ბორტზე მყოფთა შორის იყვნენ კანადის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, შვედეთის და ავღანეთის მოქალაქეები. უკრაინის სართაშორისო ავიახაზების ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა უკრაინის 11 მოქალაქე, მათ შორის, ეკიპაჟის 9 წევრი.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ცნობისთვის, თეირანთან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 180-მდე პირი დაიღუპა.

ვიდეოზე, რომელიც BBC-ის ირანის კორესპონდენტმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკვე ცაში უკიდია, რამაც მოქალაქეებში ეჭვი გამოიწვია, რომ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმფრინავი ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბოინგ-737 კიევში მიფრინავდა.