მერია კოსტავას ქუჩის N54-თან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის გაუქმებას გეგმავს.
გადასასვლელის გაუქმების სამუშაოების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, 15 იანვარს იწყება და 20 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 216 623 ლარია.
„მიწისქვეშა გადასასვლელი ექსპლუატაციაში შევიდა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. იგი მდებარეობს მერაბ კოსტავას №54-თან ყოფილი კვების მრეწველობის სამინისტროს შენობის (უფრო ადრე - „ტრესტი ჩაი გრუზია“) მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული გადასასვლელის შესახებ საარქივო მასალების მოძიება ვერ მოხერხდა.
მიწისქვეშა გადასასვლელი დღეის მდგომარეობით დატბორილია, რაც მოქალაქეების მიერ მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობას შეუძლებელს ხდის. მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია საგზაო მოძრაობის კუთხით აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელის მიმდებარედ (მ. კოსტავას №52) ქვეითთა მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნის სიგნალებით.
პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები: ჩასასვლელების კედლების და კიბეების ნაწილობრივი მონგრევა (H=1.2 მ) ქვაბულის გამაგრებით; ჩასასვლელების დარჩენილი სივრცის შევსება ბალასტით; ჩასასვლელებთან საკომუნიკაციო ჭების მოწყობა; ჩასასვლელების ფარგლებში საგზაო საფარის და ტროტუარების აღდგენა/მოწყობა,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სამუშაოების წარმოება განხორციელდება ავტოსატრანსპორტო ნაკადების შეწყვეტის გარეშე, ადგილობრივი რეგულაციების შემოღებით. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადად - სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია განსაზღვრული.