თუ ახლო აღმოსავლეთში ვითარება სამხედრო ესკალაციისკენ წავიდა, ორი აზრი არ არსებობს, ნავთობის ფასები მოიმატებს, თანაც, მნიშვნელოვნად, - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, ირანი ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი ქვეყანაა და მის გარშემო ასეთი მძიმე ვითარება, „რომელიც ფაქტობრივად, ომის ზღვარზე არსებულ კრიზისს მიუთითებს, ყველა შემთხვევაში გამოიწვევს ნავთობის ფასების მატებას“.
„პრობლემა ზოგადად ახლო აღმოსავლეთში, სხვა ნავთობმწარმოებელ ქვეყნებთან მიმართებაშიც მძაფრადაა გამოხატული: ლიბია, სადაც თურქეთის ჯარები შედის, თავად ერაყში არსებული ვითარება, რადგან ერაყიც მნიშვნელოვანი ნავთობმწარმოებელი ქვეყანაა. ახლო აღმოსავლეთი ნავთობის მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელი და მიმწოდებელი რეგიონია და იქ თუნდაც უმნიშვნელო კრიზისიც ყოველთვის გარკვეულწილად ახდენს გავლენას ნავთობის ფასზე. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი სახეზე იყო, ამ დღეებში ნავთობის ფასი მაინც არ აფიქსირებდა მნიშვნელოვან ზრდას, იქიდან გამომდინარე, რომ იყო მოლოდინის რეჟიმი, რა ქმედებებს განახორციელებდა ირანი, დაიწყებდა თუ არა კონკრეტულად საომარი მოქმედებები - ირანმა დაიწყო ეს პროცესი და შესაბამისად, რა ნაბიჯებს გადადგამს შეერთებული შტატები, ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული, რა ფონი შეიქმნება სამომავლო დღეებში ამ მიმართულებით“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს სხვა დამატებითი ფაქტორიც, რომლიდან გამომდინარე ნავთობის ფასების ზრდა ისედაც უნდა მომხდარიყო. ასევე, მთვრალაშვილმა უპასუხა შეკითხვას აღნიშნული ფაქტორების შესაძლო გავლენის შესახებ საქართველოში საწვავის ფასზე.
„პირველი იანვრიდან „ოპეკი“ და პლუს, სხვა წევრი ქვეყნები ამცირებენ ყოველდღიურ ნავთობის მოპოვებას 1.7 მილიონი ბარელით. ეს ნიშნავს, რომ ისედაც ნაკლები ნავთობი უნდა მიეწოდოს მსოფლიო ბაზარს, ეს იყო ის ნაბიჯი, რასაც ფასების მატება უნდა განეპირობებინა. მთლიანობაში, ეს საკმაოდ რთული ფონი და ის, რასაც „ოპეკი“ და მნიშვნელოვანი ნავთობმწარმოებელი ქვეყნები მიმდინარე წელს ვარაუდობდნენ, არ ქმნის სახარბიელო ფონს.
რაც შეეხება ამის გავლენას საქართველოში, ფასების მატება როგორ იქნება, გააჩნია. არსებობს პროგნოზირებადი ფასების მატება, რომელიც გარკვეულ დიაპაზონში ხდება და რომელიც შეიძლება ითქვას, უმტკივნეულოც იყოს ჩვენთან არსებულ ფონზე ასახული. მაგრამ არსებობს მეორე სცენარიც, როდესაც ფასები იწევს სწრაფად, არაპროგნოზირებადი ხდება. რა სცენარით განვითარდება მოვლენები, ეს უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება. ყველა ვარიანტში, ჩვენთან ამ გავლენების ასახვა იქნება, რადგან დამოკიდებულები ვართ გლობალურ ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე. ეს უბრალოდ, რაღაც გარკვეულ დროში გაწელილი პროცესი იქნება. გარდა ამისა, ლარის გაცვლით კურსიც დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, ბოლო პერიოდში ის მყარდება და რამდენად შეინარჩუნებს სტაბილურობას. აი, ეს იქნება ამ ყველაფრის განმაპირობებელი, თუმცა, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ერთადერთი პროდუქტი, რომელიც თავისი ფასის სტაბილურობით გამოირჩეოდა, სწორედ საწვავი იყო და უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში, რაღაც დროს, 5-10 თეთრით შემცირებაც კი მოხდა“, - აღნიშნა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.
კთხვაზე, აქვს თუ არა სახელმწიფოს რაიმე ბერკეტი საწვავზე ფასების ზრდის პრევენციისთვის, მთვრალაშვილმა განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე ისეთი არაფერი ხდება, ერთადერთი, ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ფასები მატებისკენ მიდის“.
„მომავალში რა იქნება, ეს რთული სათქმელია. საერთაშორისო და გარე ფაქტორებზე დამოკიდებულ ვითარებაზე არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. თუ ამ რეგიონში მშვიდობა არ იქნება და ვითარება სამხედრო ესკალაციისკენ წავიდა, ორი აზრი არ არსებობს, ფასები მოიმატებს, თანაც, მნიშვნელოვნად. სახელმწიფოს ბერკეტი რა არის? - არაფერი, რადგან თავიდან ბოლომდე იმპორტსა და საერთაშორისო ფასებზე ვართ დამოკიდებული, თუმცა ლარის დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსიც ითამაშებს გარკვეულ როლს“, - განუცხადა მთვრალაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.