მიხეილ ჯანელიძე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ოკსანა რეიტერს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრაზე საქართველო-უკრაინის ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა "უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ბალტიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს".

აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ბალტიის ზღვასა და შავ ზღვას შორის სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის განვითარებას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ოკსანა რეიტერი საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველო-უკრაინის საავტომობილო ტრანსპორტის შერეული კომისიის მე-5 სხდომა, რომელზეც მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განვითარების მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება, 2015 წლიდან ახალი უნივერსალური მრავალჯერადი ნებართვების შემოღების შესახებ. აღნიშნული ტიპის ნებართვების შემოღება ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის გადამზიდველებს, გამარტივებული წესით განახორციელონ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები.