ინვესტიციები ირანიდან, ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან და ა.შ. არცთუ ისე მაღალია და არც ტურისტებია ბევრი - იმის ნაკლები მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ეს რაიმე დიდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მან უპასუხა კითხვას, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განვითარებულმა ამდროინდელმა მოვლენებმა რეგიონის ეკონომიკაზე.
„პროგნოზების კეთება ზოგადად უმადური პროფესიაა, ანუ, შეუძლებელია თქმა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ძალიან ბევრი ფაქტორია, რომლის წინასწარმეტყველებაც და იმის თქმა, თუ რა მოხდება მომავალში, ფაქტობრივად შეუძლებელია. ცხადია, როდესაც პროცესები ქვეყნის მახლობლად ვითარდება უპროგნოზოდ და ძალზედ ცუდად, მოცემულ ქვეყანაზე, რომელიც მეზობელს წარმოადგენს, საუბარია საქართველოზე და ირანზე ამ შემთხვევაში, ვერ მოახდენს დადებით გავლენას. ეს ვერ მოახდენს დადებით გავლენას საინვესტიციო გარემოზე, თუმცა, ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ მაგალითად, ინვესტიციები ირანიდან, ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან და ა.შ. არცთუ ისე მაღალია და არც ტურისტებია ბევრი. ასევე, ცხადია, რომ ქვეყანაში, სადაც არ არის განვითარებული კაპიტალური ბაზარი, არ მუშაობს საფონდო ბირჟა და შესაბამისად, არცთუ ისე ბევრი ინვესტიცია ხორციელდება, უნდა გვქონდეს ნაკლები მოლოდინი იმისა, რომ ეს რაიმე დიდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აკაკი ცომაიამ.