დაძაბულობა ირანსა და ამერიკას შორის დიდი ალბათობით, ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკურ დაღმავლობას გამოიწვევს და ამ ყველაფერმა შესაძლოა, შემდგომში ნეგატიური გავლენა ჰპოვოს საქართველოზე, - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ „ინტერპერსნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, მოსალოდნელია ახალი სავაჭრო ომებიც და სანქციების ახალი ტალღებიც.
„პრობლემები შეიძლება, არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც შეექმნას. მოსალოდნელია და უკვე ისედაც გაძვირდა - ნავთობის ფასები, გარდა ამისა, დაძაბულობა ირანსა და ამერიკას შორის დიდი ალბათობით, ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკურ დაღმავლობასაც გამოიწვევს, რაც რეგიონში გამოხატული იქნება ინვესტიციების და ტურიზმის კლებით. მოსალოდნელია ახალი სავაჭრო ომებიც და სანქციების ახალი ტალღებიც.
რაც შეეხება საქართველოს, ზემოთხსენებულმა ფაქტორებმა შესაძლოა, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად დააზარალოს საქართველოც. პირდაპირს რაც შეეხება, მაღალია რისკი საქართველომ დაკარგოს ირანელი ტურისტები (დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი) და ირანული ბაზარი ქართული ექსპორტისთვის (ქართული ექსპორტის დაახლოებით 2% ირანზე მოდის), ისევე როგორც იაფი საიმპორტო პროდუქცია (ქართული იმპორტის დაახლოებით 2% ირანზე მოდის). მაღალი ალბათობით, შემცირდება ირანული ინვესტიციებიც საქართველოში, თუმცა მისი სიმწირის გამო ეს საკითხი დეტალურ განხილვას არ იმსახურებს, ისევე როგორც ფულადი გზავნილების საკითხი.
გარდა ამისა, საქართველომ შესაძლოა, იზარალოს, მისი მეზობლების შესუსტების გამოც (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი), რაც მათ შესაძლოა, სამეზობლოში აქტიურმა სამხედრო ოპერაციებმა მოუტანოს“, - განაცხადა ჭარაიამ.
ვახტანგ ჭარაიამ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა, გარკვეულწილად იხეიროს, ხოლო რუსეთს ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი სავარაუდოდ, ყველაზე ნაკლებად შეეხება.
„თუ აზერბაიჯანს ცალკე განვიხილავთ, მან შეიძლება ნავთობის ფასების მატებით გარკვეულწილად დააბალანსოს აშშ-ირანის დაპირისპირებით მიღებული ნეგატიური ეფექტები, რადგანაც ის ნავთობმომპოვებელია. თუმცა, მთლიანობაში მოსალოდნელი სირთულეები აზერბაიჯანისთვისაც საკმაოდ დიდი პრობლემების მომტანი იქნება. იგივე პრინციპით იხეირებს რუსეთიც, რომელიც ნავთობის ფასების კლების და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების გამო წლებია სოლიდურ დარტყმას იღებდა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ჭარაიამ.