„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ „ბოინგ 737“, რომელიც ირანში აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოვარდა, გამართულ მდგომარეობაში იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იმის გარდა, რომ „ბოინგ 737“ ტექნიკურად გამართული იყო, ეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო კომპანიის თვითმფრინავთაგან.
როგორც Сегодня.ua იტყობინება, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ტექნიკურმა დირექტორმა, ალექსანდ შოფიევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თვითმფრინავთან დაკავშირებით აქამდე არანაირ შენიშვნას ადგილი არ ჰქონია.
„თვითმფრინავი 2016 წლის იყო და ის მწარმოებლისგან პირდაპირ ავიახაზებს გადაეცა, მანამდე არსად ყოფილა გამოყენებული. შენიშვნებს ადგილი არ ჰქონია. შემოწმება ბოლოს 6 იანვარს გაიარა და არც ამ დროს ყოფილა არანაირი ხარვეზი. თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო. ეკიპაჟისგან არც თეირანში ჩასვლისას ყოფილა რაიმეზე შენიშვნა და არც ამ ფრენის წინ“, - განაცხადა შოფიევმა.
კომპანიაში ასევე დასძინეს, რომ ეკიპაჟი შესანიშნავად იყო მომზადებული, მათ შორის რთულ პირობებში ფრენისთვისაც.
შეგახსენებთ, რომ ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.