დღევანდელ სხდომაზე მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს. 9 იანვრის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობას და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის შესახებ“, პირველია.
შეგახსენებთ, მთავრობის მიერ ბოლო გადავადების შედეგად კონსორციუმს 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვალდებულებების შესრულების, კერძოდ, პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმების, ასევე საერთაშორისო ბანკებთან ( EBRD, OPIC, ADB, AIIB ) 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევისა და ხელშეკრულების გაფორმების, პორტის პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმების ვადა.