„მსოფლიო ბანკი“ 2020-2021 წლებში ნავთობზე საშუალო ფასის კლებას პროგნოზირებს. ამის შესახებ აღნიშნულია „მსოფლიო ბანკის“ იანვრის ანგარიშში - „მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები“.
ანგარიშის თანახმად, 2020-2021 წლებში ნავთობზე საშუალო ფასი 59 დოლარი იქნება ბარელზე. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს არის საშუალო ფასი Brent, Dubai და WTI მარკის ნავთობებზე. მათივე პროგნოზით, 2020 წლისთვის ამერიკაში ნავთობის მოპოვების მოცულობა გაიზრდება, ისევე როგორც გაიზრდება ახალი ნავთობსადენების მშენებლობა. ანგარიშის ავტორების განცხადებით, ნავთობის ფასის ზრდა შესაძლოა, გამოიწვიოს აშშ-ჩინეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში დაძაბულობის გაგრძელებამ.
სპეციალისტების შეფასებით, 2019 წელს ნავთობზე საშუალო ფასმა შეადგინა 61 დოლარი, რაც 10%-ით ნაკლებია 2018 წლის საშუალო ფასზე და 5 დოლარით ნაკლები - წინა პროგნოზებზე.
ამასთან, „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2020 წელს ნავთობის საშუალო ფასი 57,94 დოლარამდე დაიწევს.