პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და მათი საშუალო ხელფასი დაახლოებით, 1800 ლარი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, 2020 წლიდან პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
"განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სიტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი. უკვე 2020 წლიდან ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე გაგვაჩნია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.