მილიარდერების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ევროპა 775 მილიარდერს ითვლის, რომელთა საერთო ქონება 2,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს

მთელ მსოფლიოში მილიარდერების რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და მათი რაოდენობა, ამ დროისთვის, 2325 ადამიანს უტოლდება. ერთობლივი კვლევა UBS ბანკისა და კომპანია Wealth-X-ის ექსპერტებმა ჩაატარეს.

ამა წლის ივლისის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს მილიარდერების ქონება, საერთო ჯამში, 7,3 ტრილიონ დოლარს აღწევს. შესაბამისად, ეს ადამიანები მსოფლიოში არსებული სიმდიდრის ოთხ პროცენტს ფლობენ. კვლევის მონაცემების მიხედვით, ნათელი გახდა, რომ ე.წ. ”ახალგამომცხვარი” მილიონერების ყველაზე დიდი რაოდენობა აზიის რეგიონზე მოდის. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სიმდიდრის დაგროვება 52-მა ადამიანმა შეძლო და მათ შორის 33 ჩინეთის მოქალაქეა.

ამასთან ერთად, მიღებული ინფორმაციის გაანალიზების დროს, ნათელი გახდა, რომელ ქვეყნებში ცხოვრობს ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი. მილიარდერების რიცხვით სიაში პირველი ადგილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავა, რომლის ტერიტორიაზეც 510 მილიარდერი ცხოვრობს, მეორე ადგილი 190 ადამიანით ჩინეთმა დაიკავა, მესამე და მეოთხე ადგილები დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ - 130 და 123 ადამიანით. საერთო ჯამში, ევროპა 775 მილიარდერს ითვლის, რომელთა საერთო ქონება 2,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

კვლევის ავტორებმა იმ ქალაქების სიაც გამოაქვეყნეს, სადაც მილიარდერთან შეხვედრის ალბათობა საკმაოდ მაღალია. სია ასე გამოიყურება: ლონდონი, მოსკოვი, ჰონგ-კონგი და პეკინი.