„რეგიონში უკვე დავკარგეთ ეკონომიკური პოზიცია - გვახარებს ჩვენი მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმატება, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, სად ვიმყოფებით ჩვენ"

2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მშპ 250$-ით ჩამორჩება სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელს, როცა 2013 წელს ჩვენი ქვეყანა დაახლოებით 600$-ით წინ იყო სომხეთზე, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს - შეადარა. ხაზარაძის ინფორმაციით, ბოლო 3 წელიწადში სომხეთში ვალუტა 20%-ით გაუფასურდა, ხოლო საქართველოში 70%-ით.

მამუკა ხაზარაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციებს დაიბრუნებს.

„ჩვენ რეგიონში უკვე დავკარგეთ ეკონომიკური პოზიცია. რა თქმა უნდა, გვახარებს ჩვენი მეზობელი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის - წარმატება, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, სად ვიმყოფებით ჩვენ. 2013 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ იყო 4 341$. იმავე წელს სომხეთის შემოსავალი იყო 3 732$. დაახლოებით 600$ -ით წინ ვიყავით ჩვენს მეზობელზე. რაც შეეხება 2019 წელს, ვითარება შეიცვალა. შარშანდელი მონაცემებით, საქართველო უკვე 250$ - ით ჩამორჩება ჩვენი მეზობელი ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჩერებულია. გარდა ამისა, ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში შიდა და საგარეო ვალი გაიზარდა, მიაღწია 22,5 მილიარდ ლარს.

რაც შეეხება ვალუტის გაუფასურებას, ბოლო 3 წელიწადში დრამი 20%-ით გაუფასურდა, ხოლო ქართული ლარი 70%-ით გაუფასურდა.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მაჩვენებელი აზერბაიჯანმა გაიუმჯობესა 11 პუნქტით, სომხეთმა გაიუმჯობესა - 17 პუნქტით, ხოლო საქართველომ გაიუარესა და უკან დაიწია 8 პუნქტით.

ჩვენ ამომრჩეველს ვპირდებით, რომ არჩევნებში გამარჯვების შედეგად ამ რეალობას შევცვლით და რეგიონში ლიდერები გავხდებით,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.