რა ქონებას ფლობს და როგორია გუგული მაღრაძის ფინანსური მდგომარეობა

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.

კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა. 2019 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ფლობს 93,79 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2019 წელს 104 890 ლარად შეიძინა, მის საკუთრებაშია ასევე: 18 კვ. მეტრის ბინა და 540 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი მუხადწყაროში. ამასთან, ფლობს - 57 კვ. მეტრი ფართობის ბინას ზესტაფონში, 57,6 კვ. მეტრის ბინას ქობულეთში და იმავე მისამართზე მდებარე 10 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს.

მის საკუთრებაშია ასევე: მსუბუქი ავტომობილი Toyota Prius-ი, რომელიც 2019 წელს 7 000 დოლარად აქვს შეძენილი. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მაღრაძეს, 4 196.98 დოლარი; 9 201.66 ლარი და 2 734,61 ევრო ჰქონდა.

ამასთან, მისმა როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალმა 2018 წელს 61 665 ლარი; ხოლო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორობისას 12 324 ლარი შეადგინა.

თაია არდოტელი