„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში დასავლური პარტნიორის ყოლა პრიორიტეტულია"

პრიორიტეტულია ამ პროექტში დასავლური პარტნიორის ყოლა. ამასთან ერთად, სასურველია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინვესტორის ყოლა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ეკონომიკურ წარმატებას ამ პროექტის, არამედ მისი უსაფრთხოების კომპონენტის სრულად გამოყენებას, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, გამორიცხულია საქართველოს მთავრობას ჰყავდეს ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან მისივე განმატებით, პორტს აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების განზომილებაც.

„ჩვენ დღემდე არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება სხვა ინვესტორთან, გარდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“. სხვა ალტერნატიული ინვესტორების მოძიება მთავრობის მხრიდან არ მიმდინარეობდა იქამდე, ვიდრე ძალაში გვქონდა არსებული ხელშეკრულება. მხოლოდ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურების შემდეგ დავიწყებთ ახალი პარტნიორის მოძიების პროცესს. ამას დასჭირდება გარკვეული დრო, თუმცა არ იქნება ძალიან დიდხანს. მოგეხსენებათ, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული იყო 2014 წელს, მას შემდეგ გავიდა 5 წელი და ბევრი ცვლილება განხორციელდა საინვესტიციო ხელშეკრულებაში, ასევე ის დათმობები, რაზეც სახელმწიფო წავიდა ამ პროცესში, ასევე, ის ცვლილება, რაზეც ბანკებთან ვართ შეთანხმებული, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინება უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს ხელახალი მომზადება საინვესტიციო პაკეტის, რასაც ალბათ, რამდენიმე თვე დასჭირდება. მოვამზადებთ წინადადებას, გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას.

რაც შეეხება პარტნიორს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველთვის იყო საინტერესო და ძალიან მიმზიდველი უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმშიც და გამარჯვებულად გამოვლენის მნიშვნელოვანი ფაქტორი მათ შორის იყო ამ კონსორციუმში ამერიკული კომპანიის წილის ფლობა. პრიორიტეტულია ამ პროექტში დასავლური პარტნიორის ყოლა. სასურველია ამასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინვესტორის ყოლა, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ეკონომიკურ წარმატებას ამ პროექტის, არამედ მისი უსაფრთხოების კომპონენტის სრულად გამოყენებას. ამდენად, ჩვენთვის პირველ რიგში არის და იქნებოდა სასურველი ამერიკელი და დასავლელი ინვესტორი. ჩვენთვის, ბუნებრივია, ვერ იქნება მისაღები ისეთი ინვესტორი, რომელიც შეიძლება იყოს შეუთავსებელი ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებთან, როდესაც ვსაუბრობთ არა მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტზე, არამედ ობიექტზე, რომელიც განთავსებულია შავ ზღვაზე და უსაფრთხოების კომპონენტებით ხასიათდება. გამორიცხული იქნება ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან პორტს აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების განზომილებაც“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.