ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის საკმაოდ მაღალი, ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 4700 დოლარს მიაღწევს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველო კვლავ არის და იქნება ლიდერი რეგიონში მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემის მიხედვით.
„ზოგადად ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსი ან ექსპერტი ასე ნიშნის მოგებით იჩქარებს და დაიწყებს საქართველოს შედარებას რეგიონის სხვა ქვეყნებთან, მე მოვუწოდებ, რომ გაერკვას ელემენტარულად მეთოდოლოგიაში, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. რაც შეეხება თვითონ ამ მონაცემებს, გეტყვით, რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველოს სტატისტიკის შესაბამისმა სამსახურმა მშპ-ს გადათვლის ახალი მეთოდოლოგია დანერგა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ასახული საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში. ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებმა, როგორიც არის აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი, ასევე გააკეთეს თავისი მშპ-ს გადათვლა ამ ახალი მეთოდოლოგიით, მაგრამ ცოტა უფრო ადრე და შესაბამისად, მათი მონაცემები უკვე აისახა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში, მაგრამ მერწმუნეთ, რომ იმ მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, რაც ფიქსირდება ბოლო პერიოდში, ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ახალი მეთოდოლოგიით გადათვლილი, არის საკმაოდ მაღალი. ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 4700 დოლარს მიაღწევს და უკვე შემდეგი სავალუტო ფონდის მიმოხილვაში ის იქნება ასახული და საჯარო. ჩვენ კვლავაც ვართ და ვიქნებით ლიდერი რეგიონში ამ მონაცემის მიხედვით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.